სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ფარგლებში შედგა მეორე მრავალსექტორული შეხვედრა. ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქალაქგეგმარების პროცესის გამართულად წარმართვისთვის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ფორმატი ქალაქგეგმარების პროცესში ჩართულ თითოეულ რგოლს კოორდინირებულ საქმიანობაში ეხმარება. სამუშაო შეხვედრის ფორმატში სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების და პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა განიხილეს ინსტიტუციური, ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური გაუმჯობესების შესაძლებლობები. სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ძირითადი მიზნებია: სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისთვის სააგენტოს თანამშრომლების ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ფუნქციის გამყარება, მუნიციპალიტეტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რუკების შედგენის ჰარმონიზირებული სისტემის შექმნა და ქალაქთმშენებლობითი ინსტრუმენტების გაუმჯობესება. პროექტს საერთაშორისო კომპანია „Thomas Stellmach Planning and Architecture” წარმართავს.