მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მუხრანის ველის სივრცითი განვითარების ხედვა და დაგეგმარების პროცესის ფარგლებში მომზადებული მასალები გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა წარუდგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო ტერიტორიის არსებული სივრცითი სტრუქტურა, განვითარების ძირითადი წინაპირობები და მუხრანის ველის დაბალანსებული განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო განვითარების პროცესში სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინება და ისეთი სივრცითი გადაწყვეტების ჩამოყალიბება, რომელიც ტერიტორიის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით თავისებურებებს გაითვალისწინებს.
საჯარო განხილვამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით იმართება. ფორმატი ხელს უწყობს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მოსაზრებების შეჯერებას და საჯარო განხილვისთვის უფრო სრულყოფილი მასალის მომზადებას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე მუხრანის ველის სივრცითი დაგეგმარების გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.