ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივის ფარგლებში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს ურბანულმა მგეგმარებლებმა მოზარდებს პრეზენტაციის სახით გააცნეს, რას ნიშნავს ურბანული დაგეგმარება, რა ფუნქცია აკისრია ურბანისტს და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა საცხოვრებელი გარემოს ფორმირების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე სოფიკო მაისურაძე. მან მოზარდებს პროფესიული გეგმები გამოჰკითხა და ურბანისტის პროფესიაზე ესაუბრა.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში სახელმწიფო ზრუნვის სისტემას დატოვებენ. პროფესიული მიმართულებების გაცნობა, ურბანული განვითარების პროცესში მოქალაქის როლის გააზრება და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება, მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს.