ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა

ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა



გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა.


პირველ ეტაპზე გეგმარებითი არეალის ისტორიულ-გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-კულტურული კონტექსტი შეფასდა. საპროექტო ჯგუფმა არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები შეისწავლა, დაადგინა დაცული ტერიტორიების არეალები, შეაფასა მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტყის ნაკვეთები, შეისწავლა სოფლის მეურნეობის მიმართულებები და მათი პოტენციალი. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, დაკონკრეტდა ვენახების გავრცელების მიკროზონის კონტური; განისაზღვრა ადგილობრივ და მეზობელ მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზების განვითარების პერსპექტივები; შესრულდა საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობის ანალიზი, მოხდა არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია. კვლევის ეტაპზე, დაზუსტდა კულტურული მემკვიდრეობის არსებული ძეგლების მდებარეობა და მათი ინდივიდუალური დაცვის ზონები.


საპროექტო ჯგუფმა მოსამზადებელი კვლევების შედეგები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის შუაგულში - სოფელ ბოშურში წარუდგინა. მომდევნო ეტაპზე, მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ჯგუფი საპროექტო ტერიტორიის განვითარების ხედვას, სტრატეგიასა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების დოკუმენტაციას შეიმუშავებს.