20-21 ივნისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე, გაეროს განსახლების პროგრამის (UN-Habitat) მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი (GNUF) გაიმართა.
ღონისძიება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. მან მიმართვისას ქვეყნის განვითარების პროცესში სივრცითი დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სივრცითი დაგეგმვა და განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ზრდით ხასიათდება. მნიშვნელოვანია, სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად სწრაფად მიყვებოდეს ამ პროცესს, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება და მივიღოთ დროში მდგრადი განვითარება, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის." - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ნინო ენუქიძემ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი მიმართულებით არსებული ვითარება მიმოიხილა.
ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესზე, ამ მიმართულებით არსებულ და დაგეგმილ პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ.
საქართველოს პირველ ეროვნულ ურბანულ ფორუმში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ორი დღის განმავლობაში, მათ ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებზე იმსჯელეს. პანელური სესიები სივრცითი და ურბანული განვითარების ასპექტების განხილვას დაეთმო. ფორუმის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, მსოფლიო ურბანულ ფორუმზე (WUF) მოხდება.
საქართველოს I ეროვნული ურბანული ფორუმი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის უკეთესი საშუალებების განსაზღვრას, სივრცითი და ურბანული დოკუმენტაციის შემუშავებაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ბუნებრივი გარემოს გამოწვევების გადახედვასა და სივრცითი დაგეგმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.